უკრაინაში Bayraktar TB2-ის საწარმოს მშენებლობისთვის საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა დასრულდა. დასრულებულია ასევე საწარმოს პროექტზე მუშაობა. ამის შესახებ განცხადება თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილი ბოდნარმა გააკეთა.
„დღეს ჩამოყალიბებულია მთელი საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულება უკვე რატიფიცირებულია, არის კომპანია, რომელიც ახლა უკრაინაში მუშაობს, დაასრულა ფიზიკური პროექტის მომზადება. ჩვენ ველოდებით, რომ ქარხანა მუშაობას უახლოესი ორი წლის განმავლობაში დაიწყებს და დაიწყება პროდუქციის გამოშვება უკრაინული კომპლექტაციით,“ - განაცხადა დიპლომატმა.
ამ კონტექსტში მანვე გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ Baykar-ის მიერ შემუშავებულმა უკრაინული ძრავის მქონე უპილოტო გამანადგურებელმა Kızılelma-მ მეორე სატესტო ფრენა წარმატებით განახორციელა.
„ეს არის იმის მტკიცებულება, თუ რამდენად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და მივაღწევთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო განმტკიცებისთვის“, - განაცხადა ელჩმა.
როგორც ცნობილია, თურქული თავდაცვის კომპანია Bayakar Defense გეგმავს უკრაინაში საკუთარი საწარმოს მშენებლობა ორ წელიწადში დაასრულოს და უკრაინაში Bayraktar TB2-ის და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყოს.