უკრაინამ და მოლდოვამ ევროპის ელექტროქსელებთან სინქრონიზაციის პროცესი წარმატებით დაასრულეს. ინფორმაციას USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი ავრცელებს.
პაუერის თქმით, “ეს ნაბიჯი გააუმჯობესებს ელექტროენერგიის მდგრადობას კრიტიკულ ობიექტებზე ომის გაგრძელების ფონზე”.
უკრაინისა და მოლდოვას ელექტროქსელების კონტინენტურ ევროპულ ქსელთან სინქრონიზაცია 16 მარტს დაჩქარებული წესით დაიწყო. გადაწყვეტილება საცდელი ოპერაციების დაწყების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც Entsoe დარწმუნდა, რომ ეს ტექნიკურად შესაძლებელი და უსაფრთხო იყო მთლიანი ენერგოსისტემისთვის.
ევროპასთან სინქრონიზაცია არ ნიშნავს მეტ იმპორტს, მაგრამ უკრაინულ ქსელს რუსეთისგან დამოუკიდებელს გახდის. ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად დაწყებული პროცესის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმებოდა.
უკრაინამ 24 თებერვალს, ომის პირველ დღეს, რუსეთთან და ბელარუსთან ელექტროკავშირი გაწყვიტა. ქვეყანამ შეძლო ქსელის სტაბილურობის შენარჩუნება მაშინაც კი, როდესაც რუსულმა ჯარებმა დაბომბეს და დაიპყრეს ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგური და აიღეს კონტროლი ჩერნობილის სადგურზე.
“ეს ნაბიჯი მისცემს უკრაინას ელექტროენერგიის მიღების შესაძლებლობას, თუ ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა განადგურდება”, - განაცხადა ვოლოდიმირ კუდრიცკიმ, ქსელის მენეჯერის, Ukrenergo-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ.
წყარო: businessformula.ge