დროა, ნატო-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაზე, ნატო-ს მომავალ სამიტსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების რეალურ შანსებზე.
ზელენსკის თქმით, ვილნიუსში, ივლისში დაგეგმილი სამიტი შეიძლება, ისტორიული გახდეს.
„ნატო-ს ვილნიუსის სამიტი შეიძლება ისტორიული გახდეს. მადლობელი ვარ სამიტზე დასასწრებად მიწვევისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამაც მიიღოს შესაბამისი მიწვევა. არ არსებობს არც ერთი ობიექტური ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის უკრაინის ალიანსში მიწვევის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ახლა, როცა ნატო-ს ქვეყნებში მოსახლეობის უმრავლესობა და უკრაინელების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენი სახელმწიფოს ალიანსში შესვლას - შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დროა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის გარეშე უკვე შეუძლებელია. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების ალტერნატივას არ ამზადებს.