უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 22 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მათ შორის არიან: სინოდის საზოგადოებასთან და მედიასთან საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ვახტანგ ყიფშიძე და პატრიარქ კირილის ძმისშვილი დეკანოზ მიხეილ გუნდიაევი. ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედია ავრცელებს.
სანქციები აქტივების ბლოკირებას, ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციების აკრძალვას, უკრაინის გავლით რესურსების ტრანსპორტირებას, ტრანზიტს და სხვა შეზღუდვებს გულისხმობს. სიიდან ექვსი პირის მიმართ შემაკავებელი ზომები 30 წლით, დანარჩენების მიმართ - ხუთი წლით იქნა შემოღებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სანქცირებული სასულიერო პირების სიაში შედიან: საზოგადოებასთან და მედიასთან საეკლესიო ურთიერთობის სინოდის განყოფილების ხელმძღვანელი ვლადიმერ ლეგოიდა, მისი მოადგილე ვახტანგ ყიფშიძე, საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების უფროსი ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსი, კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე და ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტი ილარიონი. გარდა ამისა, სანქციები დაწესდა პატრიარქ კირილის ძმისშვილის - დეკანოზ მიხეილ გუნდიაევის, დეკანოზი ანდრეი ტკაჩევის, დეკანოზი არტემი ვლადიმიროვის, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის ალექსეი ოსიპოვისა და სხვების მიმართ.