უკრაინულმა მხარემ გაერო-ს და თურქეთს შესთავაზა „მარცვლეულის დერეფნის“ გარიგება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს და მასში ნიკოლაევის რეგიონის პორტები ჩაერთონ.
ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ იური ვასკოვმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინულ სააგენტოებზე დაყრდნობით Report ავრცელებს.
„უკრაინამ შესთავაზა თურქეთს და გაეროს გააგრძელონ მარცვლეულის შეთანხმება მინიმუმ ერთი წლით, ასევე გააფართოვონ ინიციატივა ნიკოლაივის რეგიონის სამხრეთის პორტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინული საკვების ექსპორტის 35%-ს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოაწერეს მრავალმხრივ შეთანხმებას ექსპორტზე რუსული პროდუქციის მიწოდებაზე შეზღუდვების მოხსნისა და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტში მოსკოვის დახმარების შესახებ. არსებულ კონტრაქტს ვადა 19 ნოემბერს ეწურება.
29 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობას აჩერებს და ეს გადაწყვეტილება სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული თავდასხმის გამო მიიღეს. თუმცა შემდგომ რუსეთმა პოზიციები დათმო.
2 ნოემბერს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს.
სერგეი შოიგუს უწყებაში განმარტავენ, რომ ჰუმანიტარული დერეფნისა და უკრაინის პორტების რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „სამხედრო ოპერაციების“ ჩატარების გამოუყენებლობის შესახებ საჭირო წერილობითი გარანტიების მიღება ოფიციალური კიევისგან შესაძლებელი გახდა.
„რუსეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ ამ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისად გამოიყურება და განაახლებს ხელშეკრულების შესრულებას“,- აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.