ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „პუტინის საომარ მანქანას აუძლურებს“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი არ არის მხოლოდ უკრაინის გადარჩენის ან ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხი, არამედ „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთელ გლობალურ წესრიგს“.
„უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი და პუტინის აგრესიამ სტრატეგიული მარცხი უნდა განიცადოს“,- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინას ახლა პირდაპირი მხარდაჭერა სჭირდება, რის გამოც ევროკომისიამ შესთავაზა ფინანსური დახმარების 10 მილიარდ დოლარიანი პაკეტი.
„ეს გადაწყვეტილება დაეხმარება უკრაინას ფერფლიდან აღდგენაში“. - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, უკრაინის დახმარებაში ყველა უნდა ჩაერთოს.
„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ზრუნავს უკრაინაზე, მრავალეროვნული ინსტიტუტები, კომპანიები - ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი,“- აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, საზღვარგარეთ გაყინული რუსული აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნას რეკონსტრუქციის დასაფინანსებლადაც.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის, შესაძლოა გამოვიყენოთ რუსული აქტივები, რომლებიც ჩვენ გავყინეთ”,- აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რუსეთი სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებით ისეთივე ტაქტიკას იყენებს, როგორც ენერგორესურსებთან დაკავშირებით.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში - მსოფლიოს "პურის კალათაში" და ამის საპასუხოდ, მის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია მარცვლეულისა და სასუქის გლობალური ფასების ზრდა და სასურსათო კრიზისი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ბლოკავს მარცვლეულის ექსპორტს შავი ზღვის პორტებიდან და მან საერთაშორისო საზოგადოებას მოსკოვის "შანტაჟის“ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
Ipn.ge