უკრაინასა და ინდონეზიას შორის შესაძლოა უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ამრიგად, ზელენსკიმ გამოაცხადა შეთანხმება ინდონეზიის პრეზიდენტთან ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის პროცედურების დასაწყებად.
მოხარული ვარ გამოვაცხადო შეთანხმება ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის პროცედურების დასაწყებად. ეს კარგი ამბავია. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ეკონომიკისთვის, განათლებისთვის, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, ინდონეზიის პრეზიდენტმა ზელენსკისთან G20-ის მომავალი სამიტი და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა განიხილა.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო 29 ივნისს ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. ზელენსკისთან შეხვედრამდე ის ეწვია ირპენს (კიევის რეგიონი), ასევე კიევში ენდოკრინული ქირურგიის, ენდოკრინული ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვის ცენტრს.