რუსული არმიის 20-ზე მეტი გენერალი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ამის შესახებ Nikkei, იაპონური დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომელიც შეერთებული შტატებისა და ევროპის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობითაა მიღებული.
Nikkei-ს ერთ-ერთი ვერსიით, უკრაინის არმიამ რუსი გენერლების ლიკვიდაცია მობილური ტელეფონების სიგნალების საშუალებით შეძლო. როგორც იაპონური დაზვერვის წარმომადგენელი აცხადებს, სხვა ვერსიით, ამაში წვლილი შეიტანეს უკრაინული მხარის ინფორმატორებმა დონბასის ოკუპირებულ რეგიონში. 2022 წლის აგვისტოში ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ სულ მცირე 10 რუსი გენერალი დაიღუპა უკრაინის ომის დროს.
მაღალი რანგის ოფიცრების მასობრივი სიკვდილი უჩვეულოა დასავლეთისთვის და რუსული არმიის სისუსტეზე უნდა მიუთითებდეს, ნათქვამია პუბლიკაციაში. მასალაში არ არის მითითებული გარდაცვლილთა სახელები. აშშ-ს გენერალ-ლეიტენანტ სკოტ ბარიერის თქმით, რუსი გენერლების დაღუპვას სუსტი სუბორდინაცია იწვევს, რომლითაც უკრაინაში შეჭრის პროცესი ხასიათდება. მან ასევე განმარტა, რომ სერჟანტებისა და დაბალი რგოლის ოფიცრების ნაკლებობამ შექმნა პრობლემა, რის გამოც მაღალი რანგის სამხედროები იძულებული არიან, რომ ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ, რასაც ნატოს სტანდარტები არ ითვალისწინებს.