უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი რუსი ოკუპანტების რაოდენობა 220 000-ს აჭარბებს. ამის შესახებ, ოთხშაბათს, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
უკრაინაში ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარების კომენტირებისას ბრიტანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებს ბოლო პერიოდში „თითქმის არ აქვთ პროგრესი“ და „უზარმაზარ ზარალს განიცდიან“.
„რუსულ ძალებს აქვთ მართლაც მნიშვნელოვანი და ღრმა სისტემური პრობლემები ამ მომენტში თავიანთ ოპერაციებში. აშშ-ის უახლესი შეფასებით, დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი 220,000-ს აღემატება,“ - დასძინა მან.
თებერვალში ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსეთს და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დაქირავებულ დაჯგუფებას 175 000-დან 200 000 დანაკარგი ჰქონდა, აქედან 40 000-დან 60 000-მდე დაიღუპა.
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, მარტში, რუსული ძალების ყოველდღიური დანაკარგები შეაფასა. მათი ანგარიშით, დღეში, უკრაიანის ბრძოლის ველზე, რუსული არმია 1500 ჯარისკაცის დანაკარგს განიცდის. აქ იგულისხმება როგორც დაღუპულები, ისე დაჭრილებიც.