დღეს, 19 მარტს, უკრაინულმა მხარემ 10 ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერესჩუკი იუწყება.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ცხელი წერტილებიდან მოქალაქეების გამოსაყვანად ათობით ავტობუსი უკვე გაიგზავნა. ასევე, გაგზავნილია ჰუმანიტარული ტვირთი, საკვები პროდუქტები, სასმელი წყალი და მედიკამენტები.
"ავტობუსების კოლონა ჩვენი მოქალაქეების გამოსაყვანად უკვე გაემგზავრა, ასევე, იგზავნება ჰუმანიტარული ტვირთი. მოქალაქეებს მივაწვდით სასმელ წყალს, საკვებ პროდუქტებს და მედიკამენტებს. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საინფორმაციო ცენტრი," - ამბობს უკრაინის ვიცე-პრემიერი.
უკრაინის ხელისუფლებამ დაბომბილი ქალაქებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის, დილიდან ჰუმანიტარული დერეფანი 10 მიმართულებით გახსნა.
განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მარიუპოლზე, სადაც რუსეთი შეთანხმებულ სიჩუმის რეჟიმს არასდროს იცავს და ცეცხლს არ წყვეტს, უფრო მეტიც, რუსი ოკუპანტები მიზანმიმართულად იმ სატრანსპორტო საშუალებებს უხნიან ცეცხლს, რითაც მოქალაქეები გამოჰყავთ.
უკრაინული მხარე ოკუპანტებს შეთანხმების დაცვისა და ვალდებულებების შესრულებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.