საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის, სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, 9 აპრილს, უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.
ორივე სამხედრო ხარკოვთან ბრძოლის დროს დაიღუპა, ისინი ბატალიონ კარპატსკა სიჩის მებრძოლები იყვნენ, ბატალიონში, საკმაოდ ბევრი ქართველი იმყოფება. კიდევ ორი ქართველი გმირი იმ დროს დაიღუპა, როცა რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვთან მდებარე ერთ ერთი დასახლება დაბომბეს;
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომში, ამ დრომდე დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოს 4 მოქალაქე იყო დაღუპული, მათგან სამი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და დავით გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.
გუშინ 9 აპრილს, როცა რუსეთის აგრესიამ უკრაინაში კიდევ 2 ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა, 33 წელი გავიდა იმ 9 აპრილის ტრაგედიიდან. როცა რუსმა ოკუპანტებმა თბილისში 21 ქართველის სიცოცხლე წაგვართვეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
33 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.