რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე $50 მლრდ-ის რეზერვები გაყიდა. მათ შორის $14 მლრდ 22-დან 29 აპრილამდე შუალედში. საგარეო ვალიას გასტუმრება და რუბლის კურსის ხელოვნურად შენარჩუნება სხვაგვარად უკვე შეუძლებელია.
ომის დაწყებამდე, რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების მოცულობა $643 მლრდ-ს შეადგენდა. დღეს მის საიტზე $593 მლრდ-ა მითითებული, იმდენივე რაც გასული წლის აგვისტოში, მაგრამ ამ თანხიდან $300 მლრდ უკვე დიდი ხნის გაყინულია, თუმცა ჯერ ოფიციალურად კონფისკაცია არ მომხდარა.
თუ გაყინულ აქტივებს არ გავითვალისწინებთ, რუსეთის საერთაშორისო რეზერვები $293 მლრდ გამოდის იმდენივე რაც 2006 წლის დეკემბერში.
2000 წელს, პუტინის გაპრეზიდენტების დროს რუსეთის რეზერვების მოცულობა სულ რაღაც $12 მლრდ-ს შეადგენდა. 2004 წლის მიწურულს $100 მლრდ-ს გადააჭარბა. 2008 წლის 1-ელ აგვისტოს მაშინდელ პიკს - $598 მლრდ-ს მიაღწია, ამდენივე ჰქონდა 8 აგვისტოსაც. 15 აგვისტოს კი უკვე $17 მლრდ-ით ნაკლები. საგულისხმოა, რომ მაშინ საქართველოში შემოჭრისთვის მოსკოვისთვის სანქციები არავის დაუწესებია.
ინტერვენციას მალევე გლობალური ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, რის გამოც 2009 წლის მარტში რუსეთის რეზერვები $380 მლრდ-მდე შემცირდა.
ყირიმის ანექსიის მომენტში 2014 წლის თებერვალში, რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების მოცულობა $493 მლრდ-ს უთანაბრდებოდა, რომელიც წლის ბოლომდე $388 მლრდ-მდე შემცირდა. 2015 წლის აპრილში კი $350 მლრდ-მდე.
მკაცრი სანქციების ფონზე, რეზერვების არსებულ დონეზე შენარჩუნებასაც ნავთობზე გაზრდილი ფასები უზრუნველყოფს. ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების ემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა.