რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინის განცხადებაზე უკრაინელების პასუხს გამოეხმაურა. მედვედევმა უკრაინის ხელისუფლება ჯამბაზებად, ევროპელი ლიდერები კი საღორის მეთვალყურეებად და ნაცისტების შთამომავლებად მოიხსენია.
„დიდ დღესასწაულზე უკრაინელებს ქრისტიანული გულმოწყალების ხელი გავუწოდეთ, რომელიც მათმა ლიდერებმა უარყვეს. ვფიქრობ ჩვენი სამხედროების უმრავლესობამ შვებით ამოისუნთქა შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტაზე მთავარი უკრაინელი ჯამბაზების უარის მოსმენის შემდეგ. ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება.
მეცოდებიან ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს ეკლესიაში წასვლის შესაძლებლობა. აი ღორებს კი არანაირი რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა არ აქვთ. მათ მხოლოდ უხეში ძალის ესმით და პატრონებისგან მხოლოდ სალაფავს ითხოვენ. ამას ეფუძნება მათი წვრთნა და ასეც გააგრძელებენ დასავლელი მეღორეები. ნაკლებ განათლებულმა გერმანელმა დედაკაცმა ბერბოკმა და ევროპული საღორის დანარჩენმა მეთვალყურეებმა მოასწრეს ყვირილი ზავის დაუშვებლობის შესახებ. ნაცისტების შთამომავლები არასოდეს ზოგავდნენ არც ადამიანებს და არც ცხოველებს. არ არიან მიჩვეული,“- წერს მედვედევი ტელეგრამზე.
6-7 იანვარს, მაშინ როდესაც მართლმადიდებელთა ნაწილი შობას აღნიშნავს, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ საინფორმაციო ოპერაციას უწოდებს, რომლის მიზანი უკრაინის რეპუტაციის შელახვაა.
ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი, სავარაუდოდ, ცდილობს საშობაო პაუზა ფრონტის კრიტიკულ სექტორებში შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის გამოიყენოს.