უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი, რომლის დრონი 9 მაისს მოსკოვში გაფრინდება და წითელ მოედანზე დაეშვება, 20 მილიონი გრივნის პრემიას მიიღებს, რაც ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტია. ასეთი განცხადება ეროვნული ტელემარათონის ეთერში Monobank-ის თანადამფუძნებელმა ვლადიმერ იაცენკომ გააკეთა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ბიზნესმენმა გააკეთა მოწოდება, რომ რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს 9 მაისს „დღესასწაული მოაწყონ“.
„ეს ძალიან კარგი მომენტია. იმიტომ რომ, როგორც წავიკითხე, პუტინი აღლუმს გეგმავს წითელ მოედანზე და იქ ბევრი სამხედრო იქნება. ამიტომ, მე ოფიციალურად ვუწესებ პრიზს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელს, რომლის თვითმფრინავი, სამხედროების დახმარებით, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე დაეშვება. ჯილდოს ოდენობა 20 მილიონი გრივნაა“, - განაცხადა იაცენკომ.
მისი თქმით, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ფრთებზე უნდა იყოს უკრაინული სლოგანი, მაგალითად, „დიდება უკრაინას“, „დიდება გმირებს“ ან მსგავსი რამ, - დააზუსტა ბიზნესმენმა.