უკრაინის გენერალური პროკურატურის წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშის შედეგად, ქალაქ ჩერნიგოვში 10 ადამიანი დაიღუპა. პროკურატურის თანახმად, 14 მარტს, რუსმა სამხედროებმა მძიმე არტილერიის გამოყენებით დაცხრილეს ჩერნიგოვის ტექნიკური უნივერისტეტი, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა და ბაზარი.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 1 ადამიანი დაიღუპა 14 მარტს, გოსტომელიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისას. პოლიციის თანახმად, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტოკოლონას, რომელშიც 4 ავტობუსთან ერთად იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილი. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ავტომანქანაში მყოფი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მისი ქმარი კი დაიჭრა. დაჭრილია ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლიც.