უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში დაახლოებით 1800 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა და თითქმის 200 მათგანი სრულად განადგურდა. ამის შესახებ ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სერგეი შკარლეტმა განაცხადა.
მისივე ცნობით, უკრაინა ზარალის აუდიტს ატარებს და აყალიბებს საგანმანათლებლო დაწესებულებების აღდგენის პროგრამას.
მინისტრის განმარტებით, ის შეუერთდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და რექტორების ონლაინ შეხვედრას, სადაც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ აღდგენილი უკრაინა იქნება მაღალტექნოლოგიური და ეს შეეხება განათლების მიმართულებასაც.
„ამიტომ ფუნქციონირებს უკრაინის აღდგენის ეროვნული საბჭო, რომელშიც 23 სამუშაო ჯგუფს შორის არის განათლებისა და მეცნიერების აღდგენის სამუშაო ჯგუფი. იმის გამო, რომ დაახლოებით 1,8 ათასი დაწესებულება დაზიანდა და მათგან თითქმის 200 მთლიანად განადგურდა, ამჟამად მიმდინარეობს ზარალის აუდიტი და ყალიბდება პროგრამა თითოეული საბავშვო ბაღის, სკოლის, პროფესიული სასწავლებლის, კოლეჯისა და უნივერსიტეტის აღდგენის მიზნით. ძლევამოსილ ახალგაზრდებთან ერთად, რომელიც ყველა პროცესის მამოძრავებელია, აუცილებლად გავუმკლავდებით“, - წერს შკარლეტი.