უკრაინის კრიზისი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ, ევროპული პრობლემა, — ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 მაისს ტოკიოში, ე.წ. ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა. ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების „ოთხეული“ აშშ-ს, იაპონიას, ავსტრალიას და ინდოეთს აერთიანებს.
ბაიდენმა თქვა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, გლობალური პრობლემაა.
„უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, მილიონობით ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული ან გადასახლებულია. ეს არის მეტი, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა აძლიერებს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპების - ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიზნების მნიშვნელობას“, – განაცხადა ბაიდენმა.
სამიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენს მოლაპარაკებები ექნება ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან. ინდოეთი მიმდინარე სამიტის ერთადერთი მონაწილეა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია არ დაგმო და მოსკოვს სანქციები არ დაუწესა.
Reuters.com