აქციის „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ მონაწილეებმა, თბილისში, პარლამენტის წინ განთავსებული ეკრანიდან კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ვიდეომიმართვა მოისმინეს. რომელმაც ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და პატივი მიაგო უკრაინაში, რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ 36 ქართველ მებრძოლს.
„ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის! თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია - რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას.
ქართველები არამხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ. თქვენი ჯარისკაცები ჩვენს გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის რუსი ბარბაროსების ფრთომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი, ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს.
ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის.
ვერავინ შეუშლის ხელს ჩვენს ხალხს, გააცნობიეროს თავიანთი ცივილიზებული არჩევანი! დღეს ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს.
დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება ჩვენს გმირებს!", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.