რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფონზე, სასტუმროებში სტუმრების და ჯავშნების ოდენობა დსთ-სა და ევროპის ქვეყნებიდან შემცირდა - ამის შესახებ inn group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
ერეკლე კოკაიას თქმით, ხარჯები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, თუმცა მათი მხრიდან ფასები არ დაკორექტირებულა.
„ომის პირობებში სტუმრების და ჯავშნების კლება ნამდვილად გვაქვს რიგი ქვეყნებიდან ძირითადად, რუსეთიდან, უკრაინიდან, დსთ-ს ქვეყნებიდან, შემცირებულია პოლონეთი. გერმანიიდან კი, ჯავშნების დიდი ნაწილი გადავადდა
ახლა ისეთი სეზონია, რომ შიდა ტურიზმზე არც გვქონია გათვლა და განსაკუთრებული მოლოდინები. ისედაც ჩავარდნილი პერიოდია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის პერიოდში ეს შეიცვლება. რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს, გვყავს არაბული ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან ინტერესი და სტუმრები. ინტერესია სამხრეთ კორეიდანაც“, - აცხადებს კოკაია.
მისივე თქმით, inn group-ის მიერ 2 ახალი სასტუმროს გახსნის გეგმა არ შეცვლილა.
„მიუხედავად არსებული რეალობისა, ჩვენი გეგმები არ დაკორექტირებულა. 20 მაისს გაიხსნება ქუთაისი-inn-ი, გორი inn-ი კი ზაფხულში გაიხსნება“, - თქვა კოკაიამ
ცნობისთვის, Inn Group-ი ამ ეტაპზე 4 სასტუმროს მართავს. აქედან ორი თბილისში, 2 კი მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში მდებარეობს. ჯგუფის სასტუმროები ჯამურად 470 ნომერს აერთიანებს.
წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი“