უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ხიდი, რომლითაც რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმისკენ მიემართებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ჯარისკაცებმა ხარკოვის რეგიონში მტრის ტექნიკა აღმოაჩინეს. ეს იყო ჯავშანმანქანა Tigr-ი, Kamaz-ი და სამი Ural-ი, რომლებიც ხარკოვის რეგიონში ძალების გასაძლიერებლად მოძრაობდნენ. მტრის კოლონის მარშრუტის დადგენის შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა ობიექტის დაზვერვა განახორციელეს, გამოიკვლიეს საინჟინრო ჩასაფრებისთვის შესაფერისი ობიექტი. ეს იყო ხიდი“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ხიდის აფეთქება, რუსულ სამხედრო ტექნიკასთან ერთად, გარკვეული გეგმის მიხედვით განხორციელდა და რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა განადგურდა.