უკრაინის უმაღლესმა რადამ მსოფლიოს მასშტაბით პარლამენტებსა და მთავრობებს მიმართა უკრაინის თავზე ცა ნაწილობრივ ჩაკეტონ.
ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
მისი განცხადებით, რუსეთის რეჟიმი ბომბავს კიევს, ხარკოვს, სუმის, ჰერსონს და სხვა დასახლებულ პუნქტებს. რისკის ქვეშ აღმოჩნდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიც.
„უმაღლესი რადას სახელით მივმართავ მსოფლიო პარლამენტებსა და მთავრობებს. გრძელდება რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მშვიდობიანი ქალაქები აღმოჩნდა ავია და სარაკეტო დარტყმების ქვეშ, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის. რუსეთის რეჟიმი ბომბავს კიევს, ხარკოვს, სუმის, ჰერსონს და სხვა დასახლებულ პუნქტებს. რისკის ქვეშ აღმოჩნდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, რომელიც მტრის მიერ არის დაკავებული. ოკუპანტებმა თავისი მოქმედებებით შეიძლება მიგვიყვანონ ეკოლოგიურ სა ტექნოლოგიურ კატასტროფამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ.
„ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ იმ ღირებულებებს, რომელსაც ეფუძნება ცივილიზებული სამყარო, ევროკავშირი და ნატო. ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. მოგიწოდებთ გადამწყვეტად და ერთად გავუწიოთ წინააღმდეგობა ევროპული უსაფრთხოების სამართალწესრიგის განადგურების მცდელობას. იმისთვის, რათა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა მინიმუმადე დავიყვანოთ, დავიცვათ უდანაშაულო უკრაინელი ბავშვებისა და ქალების სიცოცხლე, მსოფლიო კი ახალი ბირთვული კატასტროფისგან ვიხსნათ, მოგიწოდებთ ჩაკეტოთ ცა კიევისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გამოყოფილი ზონის თავზე“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.
IPN.GE