2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან მეორე კანდიდატის განაცხადი შევიდა. ეს არის უმცროსი რობერტ კენედი, ყოფილი პრეზიდენტის - ჯონ კენედის ძმისშვილი და ამერიკის სენატორის, რობერტ კენედის შვილი, ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
69 წლის რობერტ კენედი პროფესიით იურისტია, გარემოს დაცვის ადვოკატი. განაცხადის შეტანამდე რამდენიმე კვირით ადრე მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა: „ერთობით, ჩვენ შეგვიძლია ამერიკის დემოკრატიის აღდგენა.
საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ჩემი უმაღლესი პრიორიტეტი იქნება სახელმწიფოს და კორპორაციული ძალების კორუფციული შერწყმის დასრულება, რამაც დაანგრია ჩვენი ეკონომიკა, შეარყია საშუალო კლასი, დააბინძურა ჩვენი ლანდშაფტი და წყლები, დაწამლა ჩვენი შვილები და გაგვძარცვა თავისუფლებათა ჩვენეული ფასეულობებისგან - წერდა ის.
კენედი დიდი ხანია ამერიკაში სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდის. 2017 წელს ის პრეზიდენტად არჩეულმა რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ვაქცინაციის უსაფრთხოების საპრეზიდენტო პანელზე მიიწვია, რამაც სამეცნიერო საზოგადოების და ამერიკის ჯანდაცვის ექსპერტების უკმაყოფილება გამოიწვია. 2021 წელს Instagram-მა კენედის ანგარიში გააუქმა, მას შემდეგ, რაც მან კოვიდ-19-ის პანდემიაზე ზედიზედ რამდენჯერმე დეზინფორმაცია გაავრცელა.