„ამ ეტაპზე პროდუქტზე ფასი არ გაზრდილა, მგრამ ხვალ რა ეტაპი დადგება ნამდვილად ვერ გეტყვით, არა ჩვენი სურვილების გამო, არამედ ეროვნული ვალუტის გამო“, - ამის შესხებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა და „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბიზნეს მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს, რამაც საბოლოოდ ალექსანდრე რატიშვილის განმარტებით, შესაძლებელია კომპანიის გაჩერება გამოიწვიოს.
„სამწუხაროდ უმძიმეს მდგომარეობაში გვაგდებს ის ამბავი რაც ქართულ ეროვნულ ვალუტას ემართება, შეიძლება ამან გაგვაჩეროს და არა კორონავირუსის გამო წესების არ დაცვამ ან კორონავირუსის გავრცელებამ. თუკი რამე გაგვაჩერებს, გაგვაჩერებს ეს. პირდაპირ დავარქვათ თავისი სახელი რაც ხდება იმას, ესაა კატასტროფა. ამ სიტყვის სრული გაგებით, ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით წარმოებისთვის ეს არის სრული კატასტროფა. მე დამნაშავეს არ ვეძებ, მოხდა ის რაც მოხდა, თუმცა ამის გაგრძელება იქნება კატასტროფა, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ კი ვართ ადგილობრივი წარმოება, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი ქვეყნის საუბედუროდ, უმეტესი პროდუქცია რასაც ჩვენ პურ-ფუნთუშეულის დასამზადებლად გამოვიყენებთ, იქნება ეს ხორბალი, ზეთი, შაქარი, თუ მარილი ყველაფერი იმპორტირებულია, ადგილზე აბსოლუტურად არაფერს ვაწარმოებთ სწორედ ამიტომ გაქვს ის შედეგი რაც არის“, - განმარტავს ალექსანდრე რატიშვილი.
გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გაუფასურებული ლარის გამო ყველა იმპორტიორი უმძიმესი მდგომარეობაში აღმოჩნდა, ალექსანდრე რატიშვილის განმარტებით, დღეს ბიზნესი არჩევანის წინაშე დადგა გააგრძელოს თუ არა საერთოდ მუშაობა:
„მოგვივიდა ისეთი სიგნალები, რომ ზოგიერთი ნედლეულის მომწოდებელმა შეიძლება პროდუქცია ხვალ ვეღარ მოგვაწოდოს, ამ დროს გავჩერდებით. მე მათი მესმის, ისინი არიან გაურკვევლობაში, რაიმეს დაგეგმვაზე და ფასს წარმოქმნაზე საუბარი ამ პირობებში სრულიად წარმოუდგენელია. ეს არის ის რეალობა, რამაც შეიძლება გვაიძულოს ფასები გავზარდოთ, ამ სიტყვის კარგი გაგებით, რადგან არავის გვინდა ამ კრიზისულ სიტუაციაში, რომ ჩვენი პროდუქტი გაძვირდეს.მწარმოებელთა ფედერაციის სახელით, გადასახადის გადამხდელთა კავშირის სახელით, წლებია ვამბობთ, რომ უნდა მიეხედოს საქართველოში წარმოებას. უნდა განვითარდეს წარმოება. დღეს ამბობს ეკონომიკის მინისტრი, რომ აქამდე არ გვჭირდებოდა და ახლა აღმოჩნდა რომ საჭირო ყოფილა მაგალითად, პირბადეების წარმოება. ახლა დავინტერესდებით და ხელს შევუწყობთ, აქამდე ათწლეულები არ იყო საჭირო რამე რომ გვეწარმოებინა? არ ვიცი ძალიან მძიმე სიტუაციაა“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.
ბაჩო ადამია