ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებსა და იმპორტის მოცულობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2022 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 31.8 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი საექსპორტო მიმართულება ევროკავშირი იყო, სადაც ექსპორტი 20.3%-ით გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 15.4% შეადგინა. მეორე ადგილზე ჩინეთია 13.2%-იანი წილით (19.7%-იანი ზრდა), მესამეზე კი აზერბაიჯანი, სადაც ექსპორტი 26.5%-ით გაიზარდა და მთელი ექსპორტის 12.0% შეადგინა.
გასულ წელს, იმპორტის მოცულობა 34.5 პროცენტით გაიზარდა და 13.6 მლრდ აშშ დოლარი დაფიქსირდა. თუმცა, აქ აღსანიშნავია, რომ იმპორტის ზრდაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გაზრდილ ტურიზმთან დაკავშირებულმა იმპორტმა. ტურიზმის ეფექტის გარეშე, იმპორტის ზრდა 27.1 პროცენტი იყო.