აუდიტორული კომპანია BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი სოციალურ ქსელში 7 მარტს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით ე.წ. აგენტების კანონის მიღებას ეხმაურება. მისი თქმით, უნდა შევაჩეროთ რუსეთისკენ ასეთი სწრაფი ტემპით სვლა და ევროკავშირმა საზოგადოების მოთხოვნის საპასუხოდ დაჩქარებული წესით უნდა მოგვანიჭოს კანდიდატი წევრის სტატუსი.
„ახლა აღარავითარი აზრი არ აქვს სადაურ კანონს უყარა კენჭი პარლამენტმა (თუმცა ცალსახაა, რომ ეს არის რუსული კანონი). დღეს პარლამენტში გვყავს დეპუტატები, რომლებსაც მიუხედავად ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისა და პარტნიორი ქვეყნების მოწოდებისა, შეუძლიათ წავიდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
როდესაც ამ კანონის მიღებით შეიძლება ჩვენს ევროპულ პერსპექტივას შეექმნას საფრთხე და მიუხედავად ამისა პარლამენტში გამოიძებნა 76 დეპუტატი, რომლებისთვისაც ეს არაფერს ნიშნავს და სრულიად გაურკვეველი არგუმენტებისა თუ მიზნების გამო მაინც მზად არიან წავიდნენ ასეთ ნაბიჯზე, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსთვის.
დღეს არჩევანი არის ერთი - ან მივდივართ ევროპისკენ ან რუსეთისკენ. და იმისათვის შევაჩეროთ რუსეთისკენ ასეთი სწრაფი ტემპით სვლა, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა საზოგადოების მოთხოვნის საპასუხოდ (და არა ხელისუფლების მიერ გეგმის შესრულების გამო) დაჩქარებული წესით მოგვანიჭოს კანდიდატი წევრის სტატუსი,“ - წერს ლალაზაშვილი.