ამერიკელ ინვესტორ უორენ ბაფეტის მიერ განხორციელებული ინვესტიციები ბაზარზე ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. უამრავი ინვესტორი იმ აქციების ყიდვას ცდილობს, რომლებსაც ბაფეტი და მისი კომპანია ყიდულობს. რატომ, ამის პასუხი ცნობილია - ბაფეტი თითქმის ყოველთვის მოგებული რჩება.
ბაფეტის ყურადღება ამჯერად ინდურმა ფინტექ კომპანია „პეიტიემმა“ (Paytm) მიიპყრო. სტარტ-აპ კომპანია აქციონირებას გეგმავს და წინასწარი შეფასებით, ეს ინდოეთის ისტორიაში, ყველაზე მსხვილი IPO (პირველადი საზოგადოებრივი შეთავაზება) იქნება. აქციების გაყიდვით მიღებული სავარაუდო მოცულობა, 20 მილიარდი დოლარი უნდა იყოს.
ბაფეტის „ბერკშირ ჰეტვეის“ გარდა, „პეიტიემის“ მხარდამჭერთა შორის არიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა „ალიბაბა“ და „სოფტბანკი“. ბაფეტის ჰოლდინგის მიერ, ჯერ კიდევ 2018 წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 300 მილიონი დოლარია, რითაც მან მთლიანი პაკეტის 3 პროცენტი მიიღო.
ინდოეთში ამჟამად ფინტექ სფეროში ნამდვილი რევოლუცია მიმდინარეობს. მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოს მეორე უდიდეს ქვეყანაში, ონლაინ გადახდების მოცულობა მკვეთრად იზრდება. ინდური ფინტექით ინვესტორთა დაინტერესებას ის ფაქტიც აძლიერებს, რომ შეზღუდვების გამო, ბევრი კომპანია ჩინურ ბაზარზე აქტივობას ამცირებს და საინვესტიციო სახსრები სხვა ქვეყნებში გააქვს.
ბოლო მონაცემებით, ღრუბლოვანი სერვისის სფეროში მომუშავე „პეიტიემს“, რომელიც მომხმარებლებს გადახდის, კომერციულ და ფინანსურ სერვისებს სთავაზობს, 333 მილიონზე მეტი კლიენტი ჰყავს.
bpn,ge