ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ტვიტერზე წერს: „გაზპრომის“ განცხადება არის რუსეთის მორიგი მცდელობა, დაგვაშანტაჟოს გაზით. ჩვენ მზად ვართ ამ სცენარისთვის. ჩვენ ვადგენთ ევროკავშირის კოორდინირებულ პასუხს. ევროპელებს შეუძლიათ დაიჯერონ, რომ ჩვენ ვართ ერთიანი და სოლიდარულები იმ წევრ ქვეყნებთან, რომლებზეც გავლენას ახდენენ“.
მისი თქმით, ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსული გაზპრომის გადაწყვეტილებამ ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მომხმარებლებზე.
„ევროკომისია ასევე გააძლიერებს მუშაობას წევრი სახელმწიფოების რეგიონულ ჯგუფებთან, რომლებსაც შეუძლიათ დაუყოვნებელი დახმარება გაუწიონ ერთმანეთს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ საკმარისი გაზის მიწოდება და შენახვა საშუალოვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ხელს შევუწყობთ რუსეთის საწვავზე ჩვენი დამოკიდებულების შემცირებას ჯერ კიდევ მიმდინარე წელს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მისივე თქმით, ევროკომისია მაისის შუა რიცხვებში წარმოადგენს მწვანე ენერგეტიკაზე დაჩქარებული გადასვლის გეგმას.
„დღეს პუტინი კიდევ ერთხელ შეეცადა ევროპელებს შორის განხეთქილების დათესვას. ევროპაში რუსული საწვავის ეპოქა დასრულდება. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე. ევროპა ენერგეტიკის მიმართულებით წინ მიიწევს. გასაკვირი არ არის, რომ კრემლი საწვავს იყენებს ჩვენი შანტაჟისთვის. ეს არის ის ფაქტი, რისთვისაც ევროკომისია წევრ ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ემზადებოდა. ჩვენი პასუხი იქნება მყისიერი, ერთიანი და კოორდინირებული“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
რუსულმა გაზპრომმა პოლონეთსა და რუმინეთს ბუნებრივი გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა.