ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილმა, პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მაღალი დონის ღონისძიება შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა, ალან ბერსემ გახსნა. მინისტერიალის მიზანი, მსოფლიოში, პაციენტთა უსაფრთხოების მიმართულებით, არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლო პერსპექტივების განხილვაა.
ღონისძიებაზე ზურაბ აზარაშვილი სიტყვით გამოვიდა. ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტთა უსაფრთხოების კუთხით, სახელმწიფოს პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით სამომავლო ხედვებზე ისაუბრა.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას და მზაობას, შევუერთდეთ გლობალურ მოძრაობას, პაციენტზე ორიენტირებული და უსაფრთხო ჯანდაცვის სისტემების შექმნის მიმართულებით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 გლობალურ მინისტერიალს, მინისტრთან ერთად ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდა.