საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ორივე აქცია დასრულდა და შეკრების მონაწილეები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას.
„ორი აქცია ჩატარდა და შესაბამისიდ, აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩვენ ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი, აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას. პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე მშვიდ ვითარებაში დაარეგულიროს სიტუცია და ასეც არის, დამერწმუნეთ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.
5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართა, რომელშიც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებიც მონაწილეობდნენ. პარალელურად, ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი იყვნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, რომლებმაც რამდენჯერმე სცადეს პარლამენტთან მისვლა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. კონტრაქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
1tv.ge