ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „გრინსერვისი+“ შეასრულებს. დედაქლაქის მთავრობასა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 22 ოქტომბერს გაფორმდა. ეს რეკრეაციული სივრცის მოწყობის მესამე მცდელობაა, რომელიც პირველი ორისგან განსხვავებით წარმატებით დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ - შპს „სმარტ სოლუშენმა“, „მამისონმა“ და „გრინსერვისი+“ მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13.5 მლნ ლარი იყო, გამარჯვებული კომპანიის შეთავაზებულმა თანხის ოდენობამ 11,8 მლნ ლარი შეადგინა.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უნდა დასრულდეს. განმარტებით ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ პროექტის მიზანია შეიქმნას განახლებულ ვაკის პარკში სრულყოფილი და თანამედროვე ატრაქციონი, რომელიც შეინარჩუნებს ისტორიული ვაკის პარკის უნიკალურ ხასიათს, რომ პასუხობდეს თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებს. პროექტის საბოლოო მიზანია ვაკის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, ერთიან ჰარმონიაში მოიყვანოს კასკადისა და შადრევნების ინფრასტრუქტურა, ამასთანავე უზრუნველჰყოს კომპლექსის დამოუკიდებელი წყლით მომარაგების სისტემა კუს ტბასთან ერთად.
პროექტის დაფინანსების წყარო თბილისის 2021-2022-2023 წლების ბიუჯეტებია:
2021 წელი - 3 000 000 ლარი;
2022 წელი - 7 841 854 ლარი;
2023 წელი - 958 026 ლარი, - ნათქვამია ტენდერის პირობებში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებთან შედარებით, ვაკის პარკში ყველაზე დიდი კასკადია და მისი სიგრძე 273.36 მეტრია. ნაგებობა, რომელიც შესაძლოა ტურისტისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ სანახაობად იქცეს, წლების განმავლობაში მიტოვებული და მოუვლელი იყო.