ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან - შსს

ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან - შსს

access_time2022-10-13 21:00:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებთ, რომ შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ვაკის პარკში დღეს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


„პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა დღეს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.


შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უფლებამოსილი დანაყოფის წარმომადგენლები და დაიწყო შესაბამისი მოქმედებები.


მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობენ როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტები.


ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოების შემსრულებელი შპს „გრინ სერვის პლუსის“ დირექტორის, დამფუძნებლებისა და სხვა თანამშრომლების გამოკითხვები, ასევე გამოიკითხებიან ის პირები, ვინც ექსპერტიზა ჩაუტარა დასრულებულ ობიექტს.


საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლების გამოკითხვა.


ასევე, გამოძიება დეტალურად შეისწავლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, საექსპერტო დასკვნებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს.


გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს შემთხვევის დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვნების, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა.



სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო ექსპერტიზა, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.


შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებთ, რომ შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი.


გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა დარახველიძემ.


არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, თბილისის მერიამ 2020 წელს დაიწყო და თავად მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით 2021 წლისათვის უნდა დასრულებულიყო.


სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევის და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო. თავად მერის, კახა კალაძის თქმით, ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე განხორციელდა.


პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის განხორციელებაზე 17,600,000 ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე დამატებით 3,500,000 ლარი დაიხარჯა.


პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს დაგი ახორციელებდა, რომლის ვალდებულებაშიც ვაკის პარკში ზედაპირის მოპირკეთება - მათ შორის მიწის სამუშაოების, ასევე დემონტაჟისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ჩატარება შედიოდა. კომპანია ასევე ვალდებული იყო, ჩაეტარებინა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, გაეყვანა კომუნიკაციები, დაეყენებინა განათებები, უზრუნველეყო სხვადასხვა ტიპის ბორდიურებისა და ფილების მოპირკეთება და მონტაჟი. კომპანიას უნდა მოეწყო საბავშვო მოედნები, აღედგინა შადრევნები, მოეწყო ძაღლების სავარჯიშო მოედანი და ველოსიპედების გასაჩერებელი კარკასი. დოკუმენტაციის თანახმად, ვაკის პარკში ასევე უნდა მოწყობილიყო სატრენაჟორო სივრცეც, რომელიც უზრუვნელყოფილი იქნებოდა ინკლუზიური ფიტნეს აღჭურვილობითაც.


რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპს, თბილისის მერიამ ელ.ტენდერი (NAT210017848) 2021 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რათა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშოები შეესყიდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონ ლარს შეადგენდა. ტენდერში სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული შპს გრინსერვის + გახდა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ შპს გრინსერვის + თბილისის მერიისგან 12,979,867 ლარს მიიღებდა. შადრევნის რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა, დღევანდელი მონაცემებით კომპანიას აღნიშნული თანხის თითქმის ნახევარი, ანუ 6,324,286 ლარი აქვს მიღებული.


ვაკის პარკში შადრევნის გახსნიდან ზუსტად 1 დღის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. თბილისის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პასუხი იმ კომპანიებს მოეთხოვებათ, რომლებიც შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშოებს ახორციელებდნენ.


აღსანიშნავია, რომ გრინსერვის + 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელები და მიმდინარე მონაცემებით მესაკუთრეები არიან: კობა ხარშილაძე, ლაშა ფურცხვანიძე, ტარიელ კიკნაძე.


ლაშა ფურცხვანიძე ძველი თბილისის გამგებლისა და თბილისის მერის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა, კობა ხარშილაძე კი ლაშა ფურცხვანიძის მოადგილე ძველი თბილისის გამგებლად ყოფნისას.


აღსანიშნავია, რომ გრინსერვის +ის მესაკუთრეებს, ლაშა ფურცხვანიძესა და კობა ხარშილაძეს საკუთრებაში იყო კომპანია შპს გრინსერვისი, რომელიც 2012 წლის ივლისში შავ სიაში შეიყვანეს.


მოგვიანებით, 2013 წლის 16 დეკემბერს, შპს გრინსერვისის საქმეზე ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ლაშა ფურცვანიძე და კობა ხარშილაძე დააკავეს.


შპს გრინსერვისის გაშავების შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში ასპარეზზე სწორედ შპს გრინსერვის + გამოვიდა.


შპს გრინსერვისი+-მა სახელმწიფოს შესყიდვებში ასპარეზობა 2013 წლიდან დაიწყო. კომპანიას დღემდე 73 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.


ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგად გრინსერვისი+ აქტიურად აგრძელებს ტენდერებში მონაწილეობის მიღებას და მათი დამფუძნებლების დაკავების შემდეგაც, უწყებებს, განსაკუთრებით კი თბილისის მერიას კითხვები არ უჩნდება ამ კომპანიასთან ხელშეკრულებების გაფორმებისას.



მასალის მომზადებისას გამოყენებულია 1tv.ge-ს და ფლანგვის დეტექტორის მასალები






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up