რუსულმა რუბლმა 75%-იანი გაუფასურების შემდეგ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით, კაპიტალი კონტროლითა და სავალუტო ინტერვენციებით, ომამდელ ნიშნულთან მიახლოება შეძლო, თუმცა ანალოგიურად ბელარუსულ რუბლს არ გამართლებია. 1 აშშ დოლარი ამჟამად 23 თებერვალთან შედარებით 30%-ით უფრო მეტი - 3.31 ბელარუსული რუბლი ღირს. წინასწარი შეფასებით წელს ბელარუსის ეკონომიკა 6.6%-ით შემცირდება, 2023 წელს კი დამატებით 0.7%-ით.
სანქციების ფოკუსში, რა თქმა უნდა, რუსეთია, მაგრამ შეზღუდვათა დიდი ნაწილი ბელარუსზეც გავრცელდა. მინსკი მოსკოვზეა დამოკიდებული, რომელსაც საკუთარი პრობლემებიც უხვად აქვს. სიტუაციის სიმძიმის ნათლად წარმოსაჩენად ერთი მაგალითიც კმარა, ბელარუსმა საკუთარ მოქალაქეებზე ქვეყნიდან 1 კგ-ზე მეტი საკვების გატანა აუკრძალა.
ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში ბელარუსის არმია არ შეჭრილა, მაგრამ აღნიშნული მას პასუხისმგებლობისგან ვერ ათავისუფლებს. ომის დაწყების პირველივე დღეს ინტერვენცია ბელარუსის ტერიტორიიდანაც განხორციელდა, შემდეგ კი თავად ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ პუტინის მიერ „პრევენციული დარტყმის“ გარეშე კიევი ბელარუსში შეჭრას გეგმავდა.
1 სულ მოსახლეზე ნომინალური წლიური $6400-იანი შემოსავლით, ბელარუსი საქართველოს 50%-ით, ხოლო მსყიდველუნარიანოიბის პარიტეტით (PPP) დათვლით, სადაც მისი შემოსავალი 2020 წელს $20 300-ს აღწევდა, 37%-ით უსწრებდა. ომამდე ცხოვრების დონით ბელარუსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს, ასევე მოლდოვას უკრაინას, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს უსწრებდა, თუმცა ბალტიის რესპუბლიკებს, რუსეთს ყაზახეთსა და PPP დათვლით თურქმენეთსაც ჩამორჩებოდა. სანქციების გავლენით რეიტინგი შეიძლება შეიცვალოს. 2014 წლამდე უკრაინა მცირედით საქართველოს უსწრებდა, მაგრამ შემდეგ მის უკან აღმოჩნდა. წინასწარი შეფასებით წელს ბელარუსის ეკონომიკა 6.6%-ით შემცირდება, 2023 წელს კი დამატებით 0.7%-ით.