ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, ვანდალიზმის ფაქტისთვის ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 500 ლარი იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია გვქონდა და მოვამზადეთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები: მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.
აღნიშნული კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს კანონმდებელთა მხარდაჭერის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, დღეს მოქმედი რეგულაციით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება.