საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადებით მან პარლამენტის აპარატს მიმართა, საკითხს 24 მარტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
დღეს კი ბიურომ ცნობად მიიღო ირაკლი კოვზანაძის გადაწყვეტილება, დატოვოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.
პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნდა ირაკლი კოვზანაძის წერილი, სადაც ის დეპუტატის მანდატის დატოვების შემდგომ გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, საპარლამენტო მუშაობის დასრულების შემდეგ დავუბრუნდება საბანკო-საფინანსო და სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას.
„მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტში შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარლამენტის წევრის და შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. საპარლამენტო მუშაობის დასრულების შემდეგ ვაპირებ დავუბრუნდე საბანკო-საფინანსო და სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას. პარლამენტს და კოლეგებს ვუსურვებ შემდგომ ნაყოფიერ საქმიანობას და წარმატებებს“, - ნათქვამია წერილში, რომლითაც ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტს მიმართა.