ვარშავის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებები არ გამართოს. პოლონეთის დედაქალაქში გადაწყვეტილება ფინანსური მდგომარეობით და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე სადღესასწაულო ღონისძიებების შეუფერებლობით ახსნეს.
„ამ წელს ჩვენ ვარშავის მოსახლეობას საახალწლოდ არაფერს ვთავაზობთ. სამწუხაროდ, ეს უკვე ასეთი ტრადიციაა, პანდემიის დროს ახალი წლის ღამეს ღონისძიება ხომ არ გვქონდა, როგორც წესი?! ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს, ამიტომ ხარჯების შეკვეცა, პირველ რიგში, გართობის ნაწილს შეეხო. ახლა არ შეგვიძლია თავს მსგავსი დანახარჯების უფლება მივცეთ“, - აღნიშნა ვარშავის მერიის პრესმდივანმა, მონიკა ბეუტმა.
გარდა ამისა, ბეუტის თქმით, ახლა არ არის შესაფერისი ატმოსფერო მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისთვის.
„ამასთან, უკრაინაში, ჩვენი აღმოსავლეთი საზღვრის მიღმა მიდის სასტიკი სისხლისმღვრელი ომი, რომლის გამოც ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, მათ შორის სამოქალაქო პირები. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა ის კლიმატი არ არის, რომელიც გვიბიძგებდა განსაკუთრებული სამხიარულო ღონისძიებების ორგანიზებისკენ“, - განაცხადა სპიკერმა.