“კვლევებისა და კონკრეტული რიცხვების გარეშეც ნათელია, რომ ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა თავის უმაღლეს წერტილზეა. მნიშვნელოვანია ამ მონაპოვარის როგორც შენარჩეუნება, ასევე მომდევნო დახვეწა. განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი მიღწევების მაქსიმალურად ფართოდ პოპულარიზება, უფრო მეტი ინვესტორის მოსაზიდად, რომელებიც არსებულ სიტუაციაში ზედმიწევნით დეტალურად აკვირდებიან და ეძებენ ახალი შესაძლებლობების გაჩენას ახალ "ვარსკვლავ" ქვეყნებში,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
კვლევის თანახმად, საქართველომ კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე 10 საუკეთესო ქვეყანას შორს დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან(სიღრმე) თავისუფლების მიხედვით. საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა კი, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1.3%-ს შეადგენს. მაშინ როცა, აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში - 10%, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -12%-ია.
მსოფლიო ბანკი საწარმოთა კვლევას პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID) 4 წელიწადში ერთხელ ატარებს და ყურადღებას ბიზნესგარემოს იმ მრავალ ასპექტზე ამახვილებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორის, შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა და ამ პერიოდში სხვადასხვა(581) კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები გამოიკითხნენ.