„მიუხედავად ლოკალური და გლობალური გამოწვევებისა ქართული ეკონომიკა აგრძელებს ფაქტობრივ გამოჯანსაღებას, რაშიც ლომის წილი საგარეო ვაჭრობას უჭირავს. კერძოდ, 2021 წლის ივნისში, წინა წელთან შედარებით: ექსპორტი გაიზარდა - 30.1 პროცენტით; ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) გაიზარდა - 33.7 პროცენტით. რაც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობა უკვე პრე-პანდემიურ პერიოდსაც უსწრებს (2021 წლის ივნისი შედარებული 2019 წლის ივნისთან): ექსპორტში 12.5 პროცენტით, ადგილობრვი ექსპორტში - 40.4 პროცენტით,“ - ასე გამოეხმაურა თსუ - ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2021 წლის ივნისის საგარეო ვაჭრობის წინასწარ შედეგებს, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, მომხმარებლური ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე ადგილობრივი ეკონომიკის ფაქტობრივ გამოჯანსაღებაზე მეტყველებს იმპორტის მაჩვენებლის ზრდაც. მათ შორის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მრავლისმეტყველი ფაქტია 2021 წლის იანვარ-ივნისში 41.3 პროცენტით ნავთობპროდუქტების იმპორტის ზრდა.
„აუცილებელია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივ გამოჯანსაღებასთან ერთად დადგა დრო და არსებობს პოტენციალი ქართული ეკონომიკის სტრუქტურულად გადახალისებისათვისაც - ეროვნული მზა ნაწარმის სასარგებლოდ, რის განსაკუთრებულ საჭიროებას და შესაძლებლობას გლობალური პანდემიაც განაპირობებს,“ - აღნიშნა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა.