ვერ გავერკვიე, ამ კანონის ვერც ასეთ აუცილებლობაში და ვერც ასეთ მძაფრ კრიტიკაში, — აცხადებს „ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელი ირაკლი იაშვილი, რომელმაც ე.წ „აგენტების რუსულ კანონთან“ დაკავშირებით საკუთარი პოზიცია „კომერსანტთან“ დააფიქსირა.
„არ მგონია ამ კანონის მიღებამ გამოიწვიოს გრანტების და დაფინანსებების შეწყვეტა. მე მოვისმინე განსხვავებული კომენტარები, თუ ეს გამჭვირვალეობას გულისხმობს და საჭირო გახდება დაადეკლარირო შემოსავალი, მაშინ მაგალითად სამეცნიერო გრანტს რატომ უნდა შეეშალოს ხელი, ამ ლოგიკას ვერ ვხედავ, როგორც მოდიოდა აქ ეს გრანტი, ისევე მოვა. სიმართლე გითხრათ ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი, ვერც მის მიზანშეწონილობაში და ვერც პროტესტის ასეთ სიმკაცრეში. როგორც ჩანს ჩემი პოლიტიკური გამოცდილება არ მეყო, ბოლომდე გამერკვია რასთან გვაქვს საქმე.
რაც შეეხება ბიზნესს, აგენტების კანონი ბიზნესზე რამდენად გავლენას მოახდენს, ვერ გეტყვით, თუმცა პირდაპირ კორელაციას ვერ ვხედავ და სავარაუდოდ ვერ უნდა მოახდინოს. შესაძლოა არასამთავრობო სექტორზე რაიმე გავლენა მოახდინოს ან დადებითი, ან უარყოფითი, მაგრამ ვფიქრობ ბიზნესზე და მეწარმეობის კუთხით არაფერი შეიცვლება.
ზოგადად სიტყვა აგენტს სხვა დანიშნულება აქვს, საბჭოთა სივრციდან გამოსული ქვეყნები სხვა დატვირთვას ვაძლევთ. ეს საფრთხილო სიტყვაა და ვფიქრობ, ამ სახელწოდებიდან გამომდინარე საერთაშორისო საზოგადოებამაც უარყოფითად შეაფასა. ამ სიტყვას მე არ გამოვიყენებდი. არსებობს სხვა კანონები, სადაც გამჭვირვალობის თემების დარეგულირება ტექნიკურად შესაძლებელი იქნებოდა. ვერ გავერკვიე, ამ კანონის ვერც ასეთ აუცილებლობაში და ვერც ასეთ მძაფრ კრიტიკაში. რომ გეუბნებიან შენი შემოსავალი დაადეკლარირე, რატომ არის საშიში? ვერც იმას მივხვდი, აგენტი რატომ უნდა დავარქვათ ამ ადამიანებს? მე რომ მათ ადგილას ვყოფილიყავი, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი, მაგრამ საბედნიეროდ აღარ ვარ პოლიტიკაში“, — აღნიშნა ირაკლი იაშვილმა.