„ბოლო რამდენიმე წელია, რაც „გავიზარდეთ“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“ სტაბილურად 1,5 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. აქედან დაახლოებით 10% გადის ადგილობრივ ბაზაზრე, დანარჩენი - ექსპორტზე“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ „შუხმან ვაინს ჯორჯია“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა.
მისი თქმით, კომპანია ორიენტირებულია ძირითადად ექსპორტზე, რაც 25-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. „ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ დივერსიფიცირებულები ვიყოთ და რაც შეიძლება ტოპ-ბაზრებად მოვიხსენიოთ ჩვენთვის მეტად მსყიდველობითუნარიანი ბაზრები და ესენია: ჩინეთი, იაპონია, აშშ. შემდეგ პროპორციები უკვე ნაწილდება დასავლეთ ევროპაზე და ყველაზე ბოლოს პოსტ საბჭოთა ქვეყნები. პოსტ საბჭოთა ქვეყნები ბოლოს იმიტომ, რომ იქ არის ბევრი პრობლემები - ომი, ვალუტების დევალვაცია, რაც საბოლოოდ მომხმარებლებსა და მათ მსყიდველობითუნარიანობაზე აისახება, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, წარმოდგენილები მეტად სტაბილურ ბაზრებზე ვიყოთ“, - განაცხადა „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ დირექტორმა. „ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ როგორც ჩვენი კომპანიის სტაბილურობას, ასევე საქართველოს პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის, როგორც ტურიზმის, მეღვინეობის, ტრადიციის და ა.შ.“.
როგორც ნუცა აბრამიშვილი ამბობს, საკმაოდ მაღალია დაინტერესება აშშ-დან, სადაც საკმაოდ ბევრი ღონისძიება ტარდება აღნიშნული სექტორის მიმართულებით და მასში „შუხმან ვაინს ჯორჯიაც“ არის ჩართული.
„ვფიქრობ, საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს აშშ-ის ბაზარზე, რადგან საკმაოდ ვრცელი მარკეტინგული აქტივობაა ჩართული ამ ამბავში ქვეყნის მასშტაბით - სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც აქტიურად მუშაობს კერძო სექტორთან ერთად. ბევრი მარკეტინგული აქტივობა ტარდება, იმისათვის, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია და შემდგომ ექსპორტზე მისი გატანა მოხდეს“, - განაცხადა „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ დირექტორმა.