ძვირად ღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე მწარმოებლებთან პირდაპირ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სახელმწიფოს ხარჯი 40-50%-ით შემცირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მინისტრმა თქვა, რომ მწარმოებლებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და რამდენიმე ონკომედიკამენტს სახელმწიფო 40%-ით იაფად იყიდის.
„ყველა იმ მედიკამენტზე, რომელიც რეფერენტული რეგულირების სისტემით ვერ დარეგულირდება, მაგალითად, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელზეც ვცდილობთ, რომ დღეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსდეს და იმ გეგმას მივყვეთ, რაც სტრატეგიითაა გათვალისწინებული, აქ მწარმოებლებთან პირდაპირი შეთანხმებების დადება გვიწევს. ეს მიღებული პრაქტიკაა, სადაც მწარმოებლებზე უშუალო გასვლა ხვდება და ამ მწარმოებლიდან გარანტირებული შესყიდვის საფუძველზე იმ ფასდაკლებების მიღება, რაც კონტრაქტის დადების შესაძლებლობასაც გვაძლევს.
ესეც საკმაოდ დიდი დაზოგვა იქნება ჩვენი მხრიდან. ვფიქრობთ, ონკომედიკამენტებზე, 40-50%-ით შემცირებული ფასით შევძლებთ კონტაქტების დადებას. ამის საფუძველს ის მაძლევს, რომ დაახლოებით 3 ძვირადღირებულ მედიკამენტზე მივაღწიეთ შეთანხმებას, სადაც 40%-ზე მეტით დაიკლო ფასმა, ანუ სახელმწიფოს ხარჯმა“, - განაცხადა მინისტრმა.