„მაშინ როდესაც 7-8 მარტს, ITB Berlin - ზე ყველაზე აქტიური პერიოდი იყო, დაემთხვა ან დაამთხვიეს თბილისში მიმდინარე მოვლენები, ცრემლსადენი გაზის გაშვება და დემონსტრანტების დარბევა და ფესტივალზე მთელი აქცენტი ამაზე გადავიდა“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ტრეფიკ თრეველის„ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ უთხრა, მისი თქმით ITB Berlin- ზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგა, რაც შეიძლება 50 წელიწადში ერთხელ მოხდეს და ამის მოპოვება საკმაოდ რთულია და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„ვიღას ჰქონდა ბიზნესის თავი, პირველად ყველა გვეკითხებოდა, თუ რა ხდებოდა საქართველოში და რამ გამოიწვია ეს პროტესტი, ძირითადი აქცენტი ამაზე იყო გადასული და არა იმ თემაზე, თუ როგორ უნდა დაგვემყარებინა ახალი კავშირები და დაგვედო ახალი კონტრაქტები, ამ რეალობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ეს დიდი ვერაფრის მომტანი ვერ იქნება. აბსოლუტურად ყველა წამყვანმა მედიამ CNN-მა, BBC–მ და მსოფლიოს წამყვანმა სააგენტოებმა გააშუქეს თბილისში მიმდინარე პროცესები და ამ ყველაფრის ნახვის მერე რატომ გაგიჩნდება სურვილი, რომ ასეთ ქვეყანაში წახვიდე“, - აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით კიდევ ერთი შემაფერხებელი პირობა პანდემიამდე არსებული პირდაპირი ფრენების გაუქმებაა, მისივე თქმით საქართველოს ბრიტანეთთან ჰქონდა ორი პირდაპირი ფრენა, ასევე პირდაპირი ფრენები იყო დანიასთან და შვედეთთან, მისივე თქმით ეს სწორედ ის ქვეყნებია, საიდანაც მაღალმხარჯველი ტურისტები ჩამოდიოდნენ.
„ამ ფრენების აღდგენაზე საუბარი საერთოდ აღარ არის, არის ფაქტორები, რომლებიც ტურიზმზე პირდაპირ გავლენას ახდენს, ასევე არის გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ირიბ გავლენას ახდენს და ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, საქართველოში მაღალშემოსავლიანი ტურისტები ვერ ჩამოვლენ, რადგან ისინი ისეთ ქვეყნებს ირჩევენ სამოგზაუროდ სადაც პირდაპირი ფრენებია“, - აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.
თაკო კვაჭანტირაძე