საქართველოში „ვითიბი ბანკს“ მალე ბიზნესმენი დავით ხიდაშელი გადაიბარებს, საუბარია საბანკო ლიცენზიაზე და ბანკის სათაო ოფისის შენობაზე, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფორბს კვირამ გაავრცელა.
„საქმიანმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ „ვითიბი ბანკი საქართველოს“ პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაინაწილეს „ლიბერთი ბანკმა“ და „ბაზის ბანკმა“, თუმცა რჩებოდა რჩებოდა „ვითიბის“ რამდენიმე მსხვილი კლიენტის პორტფელი, შენობა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე და ცხადია თავად საბანკო ლიცენზია, რომელიც კანონის ყველა ნორმის დაცვით აქვს მიღებული „ვითიბი ბანკ საქართველოს“. მოკლედ ამ ბანკს რამდენიმე დღეში, ან კვირაში დავით ხიდაშელი გადაიბარებს“, - განაცხადა “ფორბს კვირის“ წამყვანმა.
დავით ხიდაშელი საქართველოში ძირითადად კარტოგრაფების საქმით გახდა ცნობილი. დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანიამ იყიდა ასევე “რიყის დოქები“. მასვე 49 წლიანი იჯარით გადაეცა ასევე რაჭაში ტყის ნაწილი, სადაც სამონადირეო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ „ვითიბი ბანკი საქართველო“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვდა, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქციების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში „ვითიბი ბანკი საქართველომ“ საცალო ბიზნეს პორტფელი და მსხვილი ბიზნეს პორტფელის ნაწილი „ბაზისბანკზე“ გაასხვისა, ერთ კვირაში კი „ლიბერთი ბანკმა“ „ვითიბი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი გადაიბარა.
„ვითიბი ბანკის“ პორტფელის ორ ბანკზე გადანაწილებამ, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, როგორც სანქცირებული ბანკის, ასევე ზოგადად საბანკო სექტორის მოთამაშეებზე, განსაკუთრებით „ბაზისბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ პორტფელებზე. ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების პირველი კვარტლის ანგარიშგებების მიხედვით, „ვითიბის“ ზარალმა 24,192,626 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისი მოგება 5,142,650 ლარი იყო. პორტფელის გასხვისების შემდეგ „ვითიბი“ ბანკის მთლიანი აქტივები მხოლოდ 501,959,297 ლარს შეადგენს (2021 წლის I კვარტალში 2,112,702,186 ლარი იყო). 2022 წლის I კვარტალში ბანკს მხოლოდ 346,616,573 ლარის მთლიანი სესხები აქვს დარჩენილი (2021 წლის I კვარტალში 1,457,070,632 ლარი იყო), მაშინ როდესაც გასულ კვარტლებში ის ტოპ 5-ში შედიოდა. მთლიანი სესხების კლების ტემპმა 77. 66% შეადგინა.