უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთთან ურთიერთობების გადახედვას უშვებს. მისი თქმით, მოსკოვთან კავშირების შენარჩუნება, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სფეროში, უნგრეთის ინტერესებშია, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შემდეგ, რუსეთისა და ევროპის ურთიერთობები შესაძლოა არ აღდგეს და ბუდაპეშტი იძულებული იქნება ამას მოერგოს. ამის შესახებ, Bloomberg-ის ცნობით, მან ბუდაპეშტში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„მესმის ომის შემდეგ რუსულ-ევროპული ურთიერთობების აღდგენის საჭიროება, მაგრამ ეს შორსაა რეალობისგან. სწორედ ამიტომ უნგრეთის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკა კარგად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება შეგვიძლია რუსეთთან უახლოეს 10-15 წელიწადის განმავლობაში“, - განაცხადა ორბანმა.