განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ იმ გამონაკლის შემთხვევებზე ისაუბრა, როცა V-XII კლასის მოსწავლეები პირბადის ტარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უკვე დაადგინა, რომ 6 წლიდან ბავშვებმა პირბადე უნდა ატარონ სკოლაში. გვქონდა საუბარი და დისკუსია, პირველი კლასიდან მივცეთ მოსწავლეებს პირბადით სიარულის უფლება თუ არა. მოგეხსენებათ, პატარებში კიდევ უფრო რთული იქნება ცნობიერების კუთხით მუშაობაც და დარწმუნებაც. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ მეხუთე კლასიდან სავალდებულო გახდება მოსწავლეებში პირბადის ტარება. ასევე, გარდა მოსწავლეებისა, ადმინისტრაციის წევრსა თუ მასწავლებელს, სკოლის სივრცეში, უნდა ეკეთოს პირბადე. გამონაკლისია ის მოსწავლეები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ალერგიის ან სხვა მიზეზის გამო, რაც სამედიცინო დოკუმენტით დადასტურდება, არ შეუძლიათ პირბადის ტარება. რა თქმა უნდა, ისინი თავისუფლდებიან პირბადის ტარების ვალდებულებისგან. მეორე გამონაკლისია საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები. თუ მშობელი მიმართავს ადმინისტრაციას, რომ მისი შვილისთვის რთულია, შეუძლებელია სასწავლო პროცესში პირბადით ჩართვა, რა თქმა უნდა, დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
Imedinews.ge