ერთადერთი რუსული ბანკი საქართველოში „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ამერიკის მიერ რუსულ საფინანსო სექტორზე დაწესებული სანქციები „ვითიბი ბანკის“ მსგავსად, სხვა რუსულ კომერციულ ბანკებს ამ ეტაპზე არ შეეხოთ, შესაბამისად ისინი საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობას შეუზღუდავად აგრძელებენ.
ამერიკამ დამბლოკავი სანქცია რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტზე, სახელმწიფო განვითარების კორპორაციაზე და სამხედრო ბანკზე დააწესა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
„რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისი. ეს საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. ჩვენ ვაწესებთ დამბლოკავ სანქციას რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტზე, სახელმწიფო განვითარების კორპორაციაზე და სამხედრო ბანკზე. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გავწყვიტეთ რუსეთის მთავრობის დასავლური დაფინანსება. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთისგან ფულის მიღებას და ვეღარ შეძლებს ახალი ვალით ვაჭრობას ჩვენ ბაზრებზე ან ევროპულ ბაზრებზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე რუსული კაპიტალის მონაწილეობით ერთადერთი ბანკია - „ვითიბი ბანკი ჯორჯია“. ყოფილი „გაერთიანებული ქართული ბანკი“ რუსულმა Внешторгбанк-მა 2005 წელს შეიძინა. საწესდებო კაპიტალის 1% და მეტი წილის მფლობელი აქციონერების ჩამონათვალი შემდეგია: 1. სსს ვეტებე ბანკი 97.38%; 2. შპს ლაკარპა ენტერპრაიზის ლიმიტედი 1.47%. ბანკის ბენეფიციარი კი რუსეთის ფედერაციაა, რომელიც აქციების 59.34%-ს ფლობს.
ნინო თამაზაშვილი