„ვშიშობ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას შეიძლება ნეგატიური გავლენა ჰქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიტიურ როლზე.“ - ამის შესახებ იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა ე.ს. „აგენტების რუსულ კანონს“ ნეტგაზეთთან ინტერვიუში გამოეხმაურა. მისი თქმით კანონი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელსაც იაპონია ძლიერ უჭერს მხარს.
„ვიზიარებ არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას. როგორც ჩანს, კანონპროექტის ინიციირების საბაბი არასაკმარისი გამჭვირვალობაა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ჩვენი თანამშრომლობის გამოცდილებით, ამჟამინდელი კანონმდებლობის ფარგლებში ისინი საკმარის [ინფორმაციას] აქვეყნებენ. უფრო მეტიც – არ მომისმენია რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რატომაა საჭირო უფრო მეტი გამჭვირვალობა მედიისთვისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ვიდრე სხვა დაწესებულებისთვის.“ - აღნიშნა იაპონიის ელჩმა.