ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ „ტვიტერით“ გაავრცელა.
„ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ“, - განაცხადა ვაისმა.
მან თამაშის გამო ბოდიში მოიხადა.
„ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა“,- აღნიშნა მან.
ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დატოვეს.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში მაკედონიელთა თავდამსხმელმა გორან პანდევმა გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ივნისში გაიმართება.
IPN.GE