2022 წელს მობილურმა ოპერატორმა Vodafone Ukraine-ამ, 2021 წელთან შედარებით, 3,5 მლნ აბონენტი დაკარგა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„მობილური კომუნიკაციების მომხმარებელთა უმრავლესობა ქვეყნის აღმოსავლეთში და სამხრეთში სარგებლობდა Vodafone Ukraine-ის მომსახურებით. შედეგად, აქტიური საომარი მოქმედებების და ომის ზონაში მობილური საკომუნიკაციო ქსელების მიუწვდომლობის გამო, Vodafone-მა უკრაინის მობილურ ოპერატორებს შორის ყველაზე მეტი - 3,5 მილიონი აბონენტი დაკარგა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წლის ბოლოს უკრაინაში Vodafone-ის მომხმარებელთა რაოდენობა 15,4 მილიონი იყო, მათგან 2,2 მილიონზე მეტი საზღვარგარეთ რჩება და Vodafone სერვისებით სარგებლობას აგრძელებს.
როგორც უკრაინულმა საინფორმაციო სააგენტო იტყობინებოდა, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, Vodafone Ukraine-მა მოგება 3,5-ჯერ შეამცირა, ხოლო შემოსავალი - 2%-ით.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში, Vodafone-მა (დიდი ბრიტანეთი) 5 წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება მობილურ ოპერატორ Vodafone Ukraine-თან.