ქალაქ ვოლგოგრადის ყველა მთავარ შესასვლელთან საგზაო ნიშანი „ვოლგოგრადი“ „სტალინგრადით“ შეცვალეს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ქალაქის მერიის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. ამის მიზეზი სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლის იუბილეა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, საიუბილეო დღეებში ვოლგოგრადს ვლადიმერ პუტინიც ესტუმრება.
გამოცემა წერს, რომ 2013 წელს ვოლგოგრადის საქალაქო სათათბირომ გადაწყვიტა, რომ ვოლგოგრადს სტალინგრადი წელიწადში ათი დღით დაუბრუნონ, მათ შორის - 2 თებერვალს - სტალინგრადის ბრძოლაში საბჭოთა ჯარების მიერ ნაცისტური ჯარების დამარცხების დღეს, 2 სექტემბერს - მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღეს, 23 თებერვალს - „სამშობლოს დამცველთა დღეს“, და 9 მაისს - „გამარჯვების დღეს“.
1-2 თებერვალს სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების წლისთავის აღნიშვნის დღეები ვოლგოგრადში დასვენების დღეებად გამოცხადდა. რეგიონში 250-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი ფრონტის ჯარისკაცების, ვეტერანების, რეგიონის მაცხოვრებლების და სტუმრების მონაწილეობით. საკვანძო ღონისძიებები 2 თებერვალს ვოლგოგრადში გაიმართება, სადაც სამხედრო აღლუმი და ფეიერვერკი გაიმართება.
ქალაქს სტალინგრადი 1925 წელს, სტალინის პატივსაცემად დაარქვეს. ვოლგოგრადი კი 1961 წელს, სტალინის კულტთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ეწოდა.