უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტისას შეხვედრები გამართა თეთრ სახლში და კონგრესში სიტყვითაც გამოვიდა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მისმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი გზავნილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.
პრეზიდენტ ბაიდენის მტკიცებით, შეერთებული შტატები მოწოდებულია უზრუნველყოს, რომ უკრაინას შეუძლია დაიცვას თავისი ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 1.8 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გაუგზავნის, რომელიც Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემას მოიცავს.
“თქვენ არასდროს იქნებით მარტო,“ - მიმართა ბაიდენმა ზელენსკის.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო შემდგომი სტრატეგიული ნაბიჯების კოორდინაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს, რომლის ოდენობა დაახლოებით 45 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას იმ წინააღმდეგობაზე ისაუბრა, რომელსაც უკრაინული ქალაქები რუს აგრესორებს უწევენ,
რუსები ყველაფერს იყენებენ უკრაინის ქალაქების, მათ შორის ბახმუტის, წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინა არასოდეს დანებდება - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ კონგრესის წევრებს მოუწოდა, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა ტერორისტებს აგრესიაზე პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
უკრაინის პრეზიდენტმა კონგრესს საჩუქრად გადასცა ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერებით.
„როდესაც გუშინ ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
დროშების გადაცემას კონგრესმენების ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა.